„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შემდეგ, სენატორი ჯინ შაჰინი ეხმაურება და წერს, რომ ღრმად იმედგაცრუებულია. შეერთებული შტატების სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: „ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს. საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“, – წერს ჯინ შაჰინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილს ელჩს, უილიამ კორტნის კი მიაჩნია, რომ საქართველო დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან უხვევს.
“პოლიტიკური უკუსვლა – ზოგიერთის უარი საპარლამენტო ადგილების დაკავებაზე, მუდმივი საარჩევნო ხარვეზები, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული კომპრომისის იგნორირება – აჩენს ვარაუდს, რომ საქართველო უხვევს დასავლეთისკენ მიმავალი გზიდან და კარგავს დემოკრატიულ იმპულსს. მისი თქმით, სამოქალაქო საზოგადოების ჩარევამ და ახალმა არჩევნებმა შესაძლოა, დაძაბულობის განმუხტვა შეძლოს“, – წერს დიპლომატი.