ამერიკა-ესპანეთის უთანხმოება

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ესპანეთი აშშ-ის სამხედროებთან თანამშრომლობას დათანხმდა და ამერიკელი სამხედროები კოორდინაციას უწევენ ესპანეთში მყოფ კოლეგებს. თუმცა, მედია ესპანეთის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის პოზიცია არ შეცვლილა. მანამდე აშშ-ის სახაზინო მდივანმა განაცხადა, რომ ესპანეთმა ამერიკელების სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო. სკოტ ბესენტის თქმით, მიუღებელი იყო ის ფაქტი, რომ ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით, ესპანელებმა ვაშინგტონთან არ ითანამშრომლეს. ესპანეთმა ამერიკას ირანზე თავდასხმისთვის სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, რის შემდეგაც დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შეწყვეტს. მოგვიანებით, ესპანეთის ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ ესპანეთი არავის ვასალი არ გახდება და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის მთავრობა ამერიკას როტასა და მორონის საჰაერო ბაზების გამოყენების უფლებას არ მისცემს. ესპანეთის პოზიცია მოიწონა ირანის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ „დასავლეთში ეთიკა და გამოღვიძებული სინდისი ჯერ კიდევ არსებობს“.