„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ, სამართლებრივი კვალიფიკაცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ალეკო ელისაშვილი ადასტურებს, რომ საქალაქო სასამართლოს კანცელარიაში შეიჭრა და დაწვის მცდელობა პროტესტის გააზრებული ფორმა იყო. ამგვარად, თავად ოპოზიციონერმა ლიდერმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ აღმოჩნდა საცხოვრებელი სახლიდან საკმაოდ მოშორებით და გამთენიისას – სასამართლოში.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საგანგებოდ შეარჩია უქმე დღე განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. ვიდრე პროკურატურა სამართლებრივ ლოგიკას ბრალის დადგენილებაში ასახავს, პოლიტიკური ახსნა ბრალდებულმა ადვოკატის საშუალებით გაახმოვანა დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. „ლელო – ძლიერ საქართველოს“ კი დრო დღის ბოლომდე დასჭირდა თანაპარტიელის საქციელის შესაფასებლად, დაგმეს, თუმცა ახსნეს კიდეც.
ალეკო ელისაშვილი მოინახულეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმაც, ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
ხატია ჯამალაშვილი მუშაობდა თემაზე – საინტერესოა სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით შეიძლება დაკვალიფიცირდეს ალეკო ელისაშვილის საქმე?