„ალდეს“ მოთხოვნა – ხელისუფლების პასუხი

21:27, 30.10.2026

რეზონანსული სასამართლო პროცესების ფონზე კრიტიკულია საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურება. ხელისუფლებას ხუთი პარტიის აკრძალვის მიზნით მომზადებული სარჩელის გაწვევისკენ ამჯერად ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსიდან მოუწოდებენ. პოზიციას „ალდეს“ კომუნიკაციების ასისტენტი ახმოვანებს და აცხადებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილებამ ასობით ათასი ამომრჩეველი შესაძლოა, გაურკვეველ პოლიტიკურ მდგომარეობაში დატოვოს. განცხადების მიხედვით, საქმე ეხება იმას, შეძლებენ თუ არა ამომრჩევლები თავიანთი წარმომადგენლების თავისუფლად არჩევას და შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროპული მომავლისკენ სვლას მაშინ, როდესაც მისი დემოკრატიული თავისუფლება იზღუდება. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ALDE მხარს უჭერს „ლელოსა“ და მის ლიბერალ პარტნიორებს. არანაკლებ მძაფრია მმართველი გუნდის პასუხი. პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ევროპელი ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსს შეახსენეს, რომ ამ დრომდე არ გამიჯვნიან „ლელოს“, რომელიც მათივე შეფასებით, ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილთან კოალიციურ ფორმატში თანამშრომლობდა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გამიჯვნამდე ალდეს გზავნილი ტერორისტის მფარველი გაერთიანების განცხადებად იქნება შეფასებული. ხელისუფლება მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობაზე მიუთითებს  და ალიანსს სარჩელის წაკითხვას ურჩევს.

მსგავსი