ახალი სეზონი საქართველოს პირველ არხზე

დღეიდან საქართველოს პირველ არხზე ახალი სატელევიზიო სეზონი იწყება. საეთერო ბადეში ჩაეშვება რამდენიმე ახალი გადაცემა.

„მოამბის“ დასრულების შემდეგ, ყოველ სამუშაო დღეს ეთერში გავა პოლიტიკური და საზოგადოებრივ-სოციალური თოქ-შოუები. დღის მთავარ თემას კი მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმართან ერთად შევაჯამებთ.

ხელახალი კონკურსი ცხადდება მეგაპროექტებში მონაწილეობისთვის. ესენია: „საქართველოს ვარსკვლავი“, „მასტერშეფი“ და „რანინა“.

ახალ პროექტებს შორის არის ყოველდღიური სპორტული გადაცემა „ტაიმ-აუტი“, სადაც ყველა მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას მიმოიხილავენ. ასევე, აკა მორჩილაძის გადაცემა, რომელიც ძველი თბილისის ისტორიებს გააცოცხლებს.

საეთერო ბადეში ტრადიციულად იქნება შემეცნებითი გადაცემებიც, რომლებიც მაყურებლებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც განახლებულ სეზონზე გელით, ეს არის მაღალხარისხიანი ქართული სერიალები, მათ შორის დოკუმენტური, რომლებიც ამ კვირიდან ეტაპობრივად გავა ეთერში. ახალ ქართულ დოკუმენტურ სერიალებს შორის არის „პოლკოვნიკის დახეული წერილები“, რომელიც ქვეყნის 1918-21 წლების დღემდე უცნობ ისტორიულ მოვლენებს აცოცხლებს.

სერიალის პირველი სერიის პრემიერა ცოტა ხნის წინ დასრულდა.