რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა ევროკავშირმა. ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, საფრანგეთი ავრცელებს. გაერთიანების ქვეყნების მიერ პაკეტის ხელმოწერის შემდეგ, ევროკავშირი უარს იტყვის რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტზე, დაწესდება ემბარგო რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაზე. შეიზღუდება სატვირთო და საზღვაო გადაზიდვები რუსეთიდან და ბელარუსიდან. ამოქმედდება აკრძალვა რუსული ხიზილალისა და არყის იმპორტზე. კიდევ უფრო შეზღუდავენ რუსეთში თანამედროვე ტექნოლოგიების ექსპორტს, ასევე დააყადაღებენ ზოგიერთი რუსული სახელმწიფო ბანკის აქტივებს. ახალი სანქციები ევროკავშირის ჟურნალში ხვალ გამოქვეყნდება და ძალაში შევა. ამასთან ერთად, ევროკავშირში მიიღეს გადაწყვეტილება, დამატებით 500 მილიონი ევროთი დაეხმარონ უკრაინას. თანხა სამხედრო აღჭურვილობის შესაძენად გამოიყოფა. სანქციებს აფართოებს შეერთებული შტატებიც. ე.წ. შავ სიას რუსეთის რვა მოქალაქე და 29 ორგანიზაცია დაემატა. ამერიკულ ბაზარზე წვდომა შეეზღუდება რუსეთის „გაერთიანებულ ხომალდ მშენებელ კორპორაციას“ და ალმასების მომპოვებელ კომპანია „ალ-როსს“. აქვე შეგახსენებთ, რომ კიევში ვიზიტით გაემგზავრნენ ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი, ჟოზეფ ბორელი. ისინი უკრაინის დედაქალაქში პოლონეთიდან ჩავლენ.