ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია

ახალი საგანმანათლებლო ტელეარხი – „პირველი არხი – განათლება“ უკვე ეთერშია. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი პროექტის, ტელესკოლის ფარგლებში, 30 მარტიდან მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს იხილავენ.

განათლების სამინისტროსთან ერთად მომზადდა გაკვეთილების ცხრილი, რომელიც, კლასების მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებს მოიცავს. ტელეგაკვეთილებს სხვადასხვა საგნის გამოცდილი პედაგოგები ჩაატარებენ. გაკვეთილები მოიცავს როგორც ქართულ, ასევე არაქართულენოვან სექტორს, სომხურსა და აზერბაიჯანულს. ტელეგაკვეთილები უზრუნველყოფილი იქნება სურდოთარგმანით.

„პირველი არხი – განათლების“ ეთერში შაბათ-კვირას გავა კლასგარეშე სანახავი გაკვეთილები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მასალა, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ყველა ასაკის მაყურებლისთვის იქნება განკუთვნილი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები; პროგრამირება; დათო ევგენიძის მუსიკის გაკვეთილები; „მშობლების დრო“.

გარდა ამისა, არხის საეთერო ბადეში განთავსდება დოკუმენტური ფილმების ციკლი „ქართლის ცხოვრება მარიამ ლორთქიფანიძესთან ერთად“„არტესა“ და „ბიბისის“ დოკუმენტურ-შემეცნებითი ფილმები, რომლებსაც პედაგოგები სასწავლო პროგრამის ნაწილად გამოიყენებენ. გაკვეთილებს შორის იქნება მცირე ქრონომეტრაჟის სპორტის გაკვეთილები. „პირველი არხი – განათლების“ ეთერში ასევე დაგეგმილია „აბიტურიენტის საათის“ ამოქმედება.