ახალი პარტიის დაფუძნება

„ევროპელი სოციალისტები“ – ამ სახელწოდებით გაერთიანდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ ის წარმომადგენლები, რომელებმაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს. დამფუძნებელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია დაამტკიცეს. ასევე, დაფუძნდა პოლიტიკური საბჭო ცხრა კაცის შემადგენლობით. მიიღეს პარტიის წესდებაც, რომელიც მხარდამჭერებს ფრიდონ ინჯიამ გააცნო.

„ევროპელი სოციალისტები“ ერთ-ერთ მთავარ ამოცანად უმუშევრობის შემცირებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას ასახელებენ. პარტიის ოთხი წევრი, რომელთაც დეპუტატის მანდატი უკვე მიღებული აქვთ, ამბობენ რომ ხელისუფლებას მწვავე ოპონირებას გაუწევენ. ამასთან, აცხადებენ, რომ რადიკალურ ოპოზიციურ ჯგუფებთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

რას შეცვლის ახალი გაერთიანება ქართულ პოლიტიკურ რეალობაში – „ევროპელი სოციალისტების“ დაფუძნებას სხვადასხვა პარტიაში აფასებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ეს არის „პატრიოტთა ალიანსის“ ერთგვარი ხრიკი, თუმცა ამ მცდელობის მიუხედავად, პარტია პრორუსულ ძალად დარჩება. „ევროპულ საქართველოში“ კი მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში არაფერი იცვლება და მეათე მოწვევის პარლამენტი ისევ ერთპარტიულ რეჟიმშია.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში ახალი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლას მიესალმებიან და იმედოვნებენ, რომ მსგავს გადაწყვეტილებას სხვა ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ.