ახალი კორონავირუსი - ვითარება აჭარაში

კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა ბათუმში. ლუგარის ლაბორატორიაში ვირუსი ახალგაზრდა ქალს გამოუვლინდა, რომელიც საქართველოში სარფის გავლით, სამი დღის წინ შემოვიდა. ინფიცირებული კარანტინში იმყოფებოდა, მას სხვა პირებთან შემხებლობა არ ჰქონდა. ინფიცირებული უკვე გადაიყვანეს კლინიკა „მედალფაში“, სადაც დღეის მდგომარეობით 37 პაციენტი მკურნალობს.

ბათუმში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულთა შორის იყვნენ როგორც ცალკეული კლინიკების, ასევე სასწრაფო დახმარების მედიკოსები. სამინისტროს ინფორმაციით, მედიკოსების და სხვა რისკ-ჯგუფების გამოკვლევის პროცესი გაგრძელდება. ექიმების შემდეგ, მასობრივად გამოიკვლევენ საკარანტინო ზონების თანამშრომლებს. უკვე გამოკვლეულია 150 მებაჟე, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, მოსახლეობას საშუალება აქვს, სასურველი პროდუქტი ე.წ. მობილური მაღაზიის მეშვეობით შეიძინოს. მაღაზია პირველად სოფელ ლეღვაში გაჩერდა. ე.წ. მობილური მაღაზიის ფუნქციონირება, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრთან და ქობულეთის მერთან ერთად შეაფასა.