თემქის დასახლებაში მომხდარი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, რასაც 26 წლის მასწავლებლის, გიგა ავალიანის სიკვდილი მოჰყვა, პოლიციამ კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 17 წლის ბიჭი დააკავა. მას გამოძიება მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. გამოძიების თანახმად, დაკავებული შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მან დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს არ შეატყობინა და საქმეზე გუშინ დაკავებულ 17 წლის ახალგაზრდასთან ერთად მიიმალა. აღნიშნული პირი, თბილისში, თემქის დასახლებაში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გიგა ავალიანს ფიზიკურად გაუსწორდა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სამედიცინო დახმარება უტარდებოდა, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა.