თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი, სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმების შესახებ, არ დააკმაყოფილა. ძალაში დარჩა ცესკო-ს დადგენილება, რომლის თანახმადაც, არჩევნები 1-ელ ოქტომბერს უნდა გაიმართოს და რის ბათილად ცნობასაც საია ითხოვდა.
2022 წლის 12 აგვისტოს განკარგულებაში არჩევნების დანიშვნის საფუძვლად ცესკო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას ასახელებს. საია კი მიიჩნევს, რომ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს არ შეესაბამება, რადგან იქ საკრებულო უკვე ექვს თვეზე მეტია არ შეკრებილა, რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი და მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.
საია საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.