„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორუმი საქართველოში

10-მდე ქვეყნის პირველი დიპლომატები საქართველოში არიან. ბათუმშია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკიც.

ქვეყანა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციისთვის ემზადება. ხელისუფლება ევროკავშირის ლიდერებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იმ შედეგებს შეაჯამებს, რომლებსაც საქართველომ ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამაში გაწევრიანებიდან დღემდე მიაღწია.

პროგრამის შექმნიდან 10 წლისთავს ეძღვნება კონფერენცია. ბათუმში იმყოფება შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომლის ქვეყანა 2009 წელს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის შექმნის ინიციატორი იყო.

ევროკავშირთან პოლიტიკური ინტეგრაციის გარდა კონფერენცია ეკონომიკური ინტეგრაციის ახალ შესაძლებლობებსაც ქმნის.

ხვალ ბათუმი პირველად უმასპინძლებს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საინვესტიციო ფორუმსაც, სადაც ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ 400-ზე მეტ სტუმარს კონკრეტულ საინვესტიციო წინადადებებს გააცნობენ.