აფეთქება ფონიჭალაში – სამძიმრის წერილები
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. საელჩო სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავთ მაშველების მიმართ, რომელთა დაუღალავმა შრომამ, თანაგრძნობამ და ტრაგედიის ფონზე გადარჩენილი სიცოცხლით გამოწვეულმა გულწრფელმა სიხარულმა არავინ დატოვა გულგრილი“, – აღნიშნულია საელჩოს სამძიმარში.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში. „თანავუგრძნობთ დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს, ვაფასებთ მაშველების დაუღალავ შრომას და თანადგომას ვუცხადებთ თითოეულ ადამიანს, ვისაც ეს ტრაგედია შეეხო.“- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.
სამძიმრის წერილის ავრცელებს საქართველოში ბრიტანეთის საელჩოც: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სამძიმრის წერილები გაავრცელეს ასევე საქართველოში გერმანიის, საფრანგეთისა და ჩეხეთის საელჩოებმაც.
საქართველოში უკრაინის საელჩო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს. „საქართველოში უკრაინის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს თბილისში, ფონიჭალის რაიონში, საცხოვრებელ სახლში ტრაგიკული აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. ვიზიარებთ ქართველი ხალხის ტკივილს ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ყველა დაშავებულს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მწუხარების ჟამს უკრაინა სოლიდარობას უცხადებს საქართველოსა და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
სამძიმრის წერილს ავრცელებს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი. „ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აზერბაიჯანის საგარეო უწყება. „გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ იმ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს. ჩვენი ფიქრები ამ ტრაგედიით დაზარალებულ ყველა ადამიანთანაა. დაშავებულებს კი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადება გაავრცელა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ. „ფონიჭალის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების დაღუპვისა და დაშავების ფაქტი ჩვენში ღრმა მწუხარებას იწვევს. ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ, ხოლო დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ამ მძიმე წუთებში ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებთ მათ.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
საქართველოში სომხეთის საელჩო მწუხარებას გამოთქვამს ფონიჭალაში აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად დატრიალებული ტრაგედიისა და ადამიანური მსხვერპლის გამო. ჩვენი გულწრფელი სამძიმარი და ნუგეში გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ მძიმე წუთებში თანაგრძნობასა და სოლიდარობას ვუცხადებთ მოძმე საქართველოს“, – წერს სომხეთის საელჩო სოციალურ ქსელში.
ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოში ისრაელის საელჩო. “გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. დაშავებულებს კი – სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, ამ მძიმე დროს ვიზიარებთ ქართველი ხალხის მწუხარებას“ – ნათქვამია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.