აფეთქება ფონიჭალაში – დაშავებულები კლინიკაში რჩებიან
ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.
კრიტიკულად ფასდება 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლის ბინაშიც, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. აფეთქებამდე მან გაზის გამათბობლის ჩართვა რამდენჯერმე სცადა. ირკვევა, რომ ბინა, სადაც აფეთქება მოხდა, წლის განმავლობაში ძირითადად დაკეტილი იყო და გაზის მოხმარება სისტემატიური არ ყოფილა. ბინის მეპატრონე სხეულის 87%-იანი დამწვრობით რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მძიმედ ფასდება დაშავებული მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. რამ გამოიწვია საცხოვრებელ ბინაში გაზის დაგროვება და აფეთქება, რასაც ხუთი სართულის ნგრევა მოჰყვა – გამოძიება დაიწყო, შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ჯგუფებთან ერთად გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მდებარე სადარბაზოც პრობლემურად ფასდება, რის გამოც ადგილობრივების ევაკუაცია მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დანარჩენი ორ სადარბაზოდან ბინადრების გამოყვანა არ იგეგმება.