ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს

საქართველოს უზენაესი სასამართლო ხვალ ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით იმსჯელებს. ინფორმაცია სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე „ადვოკატთა ასოციაციამ“ გაავრცელა.

უფლებადამცველების თქმით, სამი წლის წინ, თბილისის ვაკე-საბურთალოს მეხუთე განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა განყოფილების მაშინდელმა ხელმძღვანელმა განყოფილების სხვა თანამშრომლებთან ერთად მიაყენა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა კვირკვია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ცნო დამნაშავედ, ძალადობის მუხლი მოუხსნა, რაც ადვოკატებმა ჯერ მეორე ინსტანციაში გაასაჩივრეს, თუმცა მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, უზენაეს სასამართლოს მიმართეს.