ირანის მიერ ამერიკელი სამხედროების განთავსების ერაყულ ბაზებზე დაბომბვამ საკმაოდ მწვავე პოლემიკა გამოიწვია – რას მოიმოქმედებს თეთრი სახლი და დაიწყება თუ არა ომი?
რამდენადაც არ უნდა ეჩქარებოდეს პრეზიდენტ ტრამპს საპასუხო დარტყმა, ეს ერთი შეხედვით მარტივი გადაწყვეტილება სულაც არ არის მარტივი – სამხედრო გადაწყვეტილებები, მით უმეტეს, ასეთი მასშტაბის, საკმაოდ ბევრ ნიუანსს მოიცავს და ნებისმიერი მათგანის იგნორირების ფასი ადამიანის სიცოცხლეა. ადამიანის სიცოცხლე კი, გარდა იმისა რომ უმაღლესი ფასეულობაა, ასევე საარჩევნო ხმებიცაა და წელს აშშ-ში საარჩევნო წელია. გარდა პოლიტიკურისა, სამხედრო თვალსაზრისითაც, მყისიერი პასუხი, როგორი ადეკვატურიც არ უნდა იყოს ის, უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში, ვიდრე ეს ორი ან სამი თვეა, თავშივე წამგებიანია.
ომის წარმოება რაც არ უნდა გაწვრთნილი და აღჭურვილი სამხედროებით და მაღალგანვითარებული ტექნოლოგიებით ხდებოდეს, აუცილებლად საჭიროებს ზურგს – კავშირგაბმულობა, საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფა, სამედიცინო უზრუნველყოფა, ტექნიკა, მისი მომსახურე პერსონალი, საბრძოლო მხარდაჭერა, საკვები , ამ ყველაფრის მარაგი და რაც მთავარია – მიწოდების გზების უზრუნველყოფა.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი აშშ-ს რეგიონში უკვე აქვს – 20-ზე მეტი ამერიკული სამხედრო ბაზა ახლო აღმოსავლეთში უკვე არის, თუმცა, ერთი „მაგრამ“ აქაც არსებობს – მყისიერი პასუხის შემთხვვევაში ირანისგან დარტყმებს ის ქვეყნები მიიღებენ, სადაც ეს ბაზებია განლაგებული , როგორც ეს ერაყში უკვე მოხდა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული სამხედროების რაოდენობა ახლო აღმოსავლეთში საკმაოდ შთამბეჭდავია, ისინი სხვადასხვა ქვეყნებში არიან განლაგებული და მხოლოდ მიმღები სახელმწიფოების კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლიათ ბაზის გარეთ მოქმედება – ანუ ნებისმიერი გადაადგილება ამ ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებას საჭიროებს. შესაბამისად, იქ მყოფი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც, მყისიერი პასუხის შემთხვევაში შემდეგი დარტყმის პოტენციური სამიზნეები არიან. საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე ამ ბაზებს შორის საკომუნიკაციო გზების არსებობა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ასევე მნიშვნელოვანია იმ მარაგების შექმნა, რაც ომის წარმოებას ესაჭიროება და ეს მარაგი მხოლოდ ტყვია-წამალი არ არის, ეს არის საკვები, მედიკამენტები, საწვავი, ტექნიკის მომსახურებისთვის აუცილებელი სათადარიგო ნაწილები და კიდევ უამრავი წვრილმანი, რომელიც ერთობლიობაში არა მხოლოდ თანხებს, არამედ დროსაც მოითხოვს.
რა თქმა უნდა, სამხედრო საქმის მცოდნენი არიან ირანის ისლამურ რესპუბლიკაშიც და ეს ყოველივე მათაც იციან. რადგან პირველი დარტყმა განახორციელეს, შესაბამისად, დაუშვეს მოვლენათა სავარაუდო განვითარების ყველაზე ცუდი სცენარიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონში არც რუსეთს სურს პოზიციების დათმობა და კრემლიც აშშ-ს მეგობარ ქვეყანათა რიცხვში არ მოიაზრება. სწორედ ამიტომ, ირანს ახლა უფრო მომგებიან პოზიციაში გონია თავი და თამამ განცხადებებსაც არ ერიდება.
„გასულ ღამეს ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1978 წელს ფეჰლევიანების დინასტიის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე. ძნელი სათქმელია, ამ სილას რითი უპასუხებს თეთრი სახლი,მით უმეტეს, როდესაც ასეთი გადაწყვეტილება ისეთი უკომპრომისო ადამიანის მისაღებია, როგორიც პრეზიდენტი ტრამპია.