აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხარდასაჭერი აქციები გაიმართა დღეს ქუთაისსა და ზუგდიდში. ჟურნალისტების აქცია გაიმართა სლოგანით – „თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე“. აქციის მონაწილე მაია ფიფია აცხადებს, რომ ის, რაც დღეს აჭარის ტელევიზიაში ხდება, ეს არის ზეწოლა კრიტიკულ მედიაზე და გამოხატვის თავისუფლებაზე.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს მედიის წარმომადგენლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქუთაისში. აქციის მონაწილეების თქმით, აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიის ხარისხზე უარყოფითად აისახება.

როგორც ცნობილია, აჭარის ტელევიზიის დირექტორმა მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნა. საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად კი გიორგი აბაზაძე დანიშნა, რომელსაც გუშინ ჟურნალისტებთან სიტყვიერი დაპირისპირება ჰქონდა. შედეგად, ის შეუძლოდ გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის ტელევიზიაში განვითარებულ მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოეხმაურა. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს.