აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტი – პრემიერის გზავნილები
ახალი საინვესტიციო შეთავაზებები და საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებზე პარტნიორების ინფორმირება – ამ მისიით აბუ დაბიში ჩასული ქართული დელეგაცია ორდღიანი ვიზიტის შედეგებს აჯამებს.
დღეს პრემიერ-მინისტრს მდგრადი განვითარების კვირეულის სამიტზე მოუსმინეს. რა პოტენციალი აქვს ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით და რა პროექტები ხორციელდება ქვეყანაში შუა დერეფნის გასავითარებლად – ამ მიმართულებებზე გამახვილდა ყურადღება გამოსვლის დროს. აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის 1155-კილომეტრიანი კაბელის მასშტაბურ პროექტზეც, რომელიც ევროკომისიას პრიორიტეტულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული. მთავრობის მეთაურმა სამიტის მონაწილეებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გააცნო და აბრეშუმის გზის მარშრუტში საქართველოს განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი. მიმართვის ნაწილი ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ სირთულეებზე საუბარსაც დაეთმო. სამიტს 150-ზე მეტი ქვეყნის ლიდერები და მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რამდენიმე მათგანს საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე ესაუბრნენ. ქართული დელეგაცია არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმაც მიიღო, რომელიც თვეების წინ საქართველოს სტუმრობდა.