ისტორიული მნიშვნელობის რეფერენდუმი და ხალხის ერთსულოვანი ნება – დღეს გამორჩეული თარიღია საქართველოსთვის.
ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 34 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ჩატარებული გამოკითხვა და რეფერენდუმის მონაწილეთა 98,08 %-ის დადებითი პასუხი ცხრა დღის შემდეგ მიღებული ისტორიული დოკუმენტის საფუძველი გახდა. საერთო-სახალხო კენჭისყრის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. სამი მილიონ 295 493 ადამიანის არჩევანი და გადაწყვეტილება, რომელსაც იურიდიულთან ერთად განსაკუთრებული პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდა. 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას და საბჭოთა კავშირიდან გასვლას წინ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მრავალწლიანი ბრძოლა, წინააღმდეგობებით სავსე გზა, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები და რეფერენდუმამდე 5 თვით ადრე ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნები უძღოდა. ისტორიულ მოვლენასთან ერთად 31 მარტს კიდევ ერთი დატვირთვა აქვს – ქვეყნის პირველ პრეზიდენტს და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერ ზვიად გამსახურდიას, დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა.