29 წელი სოხუმის დაცემიდან 

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ტრაგიკული დღე – სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა.

1993 წლის 27 სექტემბერს 13-თვიანი და 13-დღიანი ომი დასრულდა. საომარმა მოქმედებებმა ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 300 000-მდე მოქალაქე კი დევნილად აქცია. ადამიანები, რომლებმაც სოხუმიდან გასვლაზე უარი თქვეს, აწამეს და დახვრიტეს. მათ შორის იყვნენ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, საბჭოს წევრები და სოხუმის მერი. ქალაქის დაცემას წინ 11-დღიანი უთანასწორო ბრძოლა უძღოდა, რადგან სამშვიდობო შეთანხმების მიხედვით, ქართულ სამთავრობო ძალებს სოხუმიდან შეიარაღების ნაწილი გაყვანილი ჰყავდა. რუსეთის და მის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან კი სამშვიდობო შეთანხმება დაირღვა და სოხუმის მიმართულებით ყველა მხრიდან იერიში დაიწყო. ომს და ომის უმძიმეს დასასრულს დღეს გმირთა მოედანზე იხსენებენ.