26 მაისი - 108 წელი ეროვნული დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან  

108 წლის წინ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაზე თაობების ოცნება რეალობად იქცა. 1918 წლის 26 მაისი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადების თარიღია. 108 წლის წინ, 88 ადამიანის მიერ ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტის მიღებით საფუძველი ჩაეყარა ევროპული ტიპის სახელმწიფოს, რომელსაც ჰყავდა მთავრობა, მმართველობითი ორგანოები, ეროვნული გვარდია, ჰქონდა ეროვნული სიმბოლიკა, საარჩევნო კანონმდებლობა და, რაც მთავარია, ქვეყნის უზენაესი კანონი – კონსტიტუცია. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთობის დაშლა, ეროვნული ყრილობა, ეროვნული საბჭოს შექმნა, დამოუკიდებლობის აქტის შემუშავება – ისტორიულ მოვლენას წინ უძღოდა ხანგრძლივი და რთული პროცესი და მრავალწლიანი დაუღალავი სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია სამ წელს გაგრძელდა – 1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელმა არმიამ ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა, რასაც პირველი მთავრობის ემიგრაციაში წასვლა მოჰყვა. 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმი 1991 წელს ჩატარებული რეფერენდუმით და ამ რეფერენდუმის შედეგებისა და 1918 წლის აქტის საფუძველზე დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.

უნიკალური საარქივო მასალები და ფასდაუდებელი ჩანაწერები ნახეთ ნათია ქენქაძის რეპორტაჟში.