23 თებერვალი – იუნკერთა ხსოვნის დღე
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. კოჯორსა და ტაბახმელაში საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ გამართული გმირული ბრძოლის შემდეგ 104 წელი გავიდა. 1921 წელს, სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის ეზოში ღონისძიება იმართება. პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, და მოწვეული სტუმრები იუნკერთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.