პოლონეთის ახსნა-განმარტება საქართველოს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, საგარეო საქმეთა სამინისტროში დილიდან იმყოფებოდა. დიპლომატის თქმით, უწყება მედიკოსის მიზნებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. საუბარია კლინიკა „ვივამედში“ მომხდარ ფაქტზე, პოლონელმა მედიკოსმა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის გატანა სცადა. მომხდარზე იუსტიციის მინისტრმა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლონეთის ელჩის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოლონეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენელს მედიასთან დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა განცხადება თავად საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააფიქსირა შეშფოთება ინციდენტის გამო. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გაუსვა ხაზი, რომ პოლონელ მედიკოსთა მისიაში შემავალი ერთ-ერთი ექიმის საქციელი იწვევს გაუგებრობას, შეშფოთებასა და ასევე სანდოობას უკარგავს მთელ პროცესს. საგარეო საქმეთა სამინისტროში პოლონელ დიპლომატს ეთხოვა მომხდარზე პოზიციის დაფიქსირება.