18 წელი შინდისის ბრძოლიდან
აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდი – შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა.
დღეს 11 აგვისტოა – თარიღი, რომელიც თითოეულ ქართველში დიდ ტკივილს და სიამაყის განცდას ერთდროულად იწვევს. 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეულსა და რუსულ მოტომსროლელ ასეულს შორის უთანასწორო ბრძოლა გაიმართა. მტერმა ქართველ ჯარისკაცებს ჩასაფრება შინდისის რკინიგზის სადგურთან მოუწყო. ალყაში მოქცეულების მისამართით ოკუპანტები ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ. ქართულმა ოცეულმა მტრის რიცხობრივი უპირატესობის მიუხედევად, საოკუპაციო ძალებს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია და დიდი დანაკარგიც მიაყენა. 17 დაღუპული და სამი დაშავებული – ასე დასრულდა მტერთან უკომპრომისო დაპირისპირება, რომელიც ისტორიაში შინდისის ბრძოლის სახელით შევიდა.
დილიდან ხალხმრავლობა იყო სოფელ შინდისში. მემორიალთან იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები. მათ სამშობლოსათვის თავდადებული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.