დაპირისპირება „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ნაციონალურ მოძრაობაში“, ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნის სურვილით შეპყრობილ ნიკა მელიას, მწვავე კრიტიკისა და მძიმე ბრალდებების შემდეგ, ოპონენტმა საჩუქრებიც დაუთვალა, რამაც მოქმედი თავმჯდომარე თავდასხმიდან თავდაცვის რეჟიმზე გადართო, ამ ბრალდებამ კი აუდიტის სამსახურის ყურადღებაც მიიპყრო. სახელმწიფო მაკონტროლებელი დაინტერესდა, ვინ, რას და რისთვის ჩუქნიდა ოპოზიციური პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს. აუდიტმა შემოწირულობის კანონიერება უნდა დაადგინოს.

საჩუქრები კი, როგორც მისივე თანაპარტიელები ამბობენ, ნიკა მელიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო. ზაზა ოქუაშვილისგან „მაზერატი“ და ასევე ავტომობილი დავით კეზერაშვილისგან, რომელიც „მაზერატისგან“ განსხვავებით, ნიკა მელიას თქმით, მეორადი და არასაჭირო იყო. მელია ასევე ამტკიცებს, რომ კეზერაშვილის მხრიდან პარტიული გავლენების მოპოვების პირველივე მცდელობისას მისთვის ავტომობილის დაბრუნება სცადა, პოლიტიკური გაყრის შემდეგ კი პარტიული წმენდაც დაანონსდა.