17 ევროპული ქვეყნის განცხადება - ოპოზიციის გამოხმაურება
17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებას და ამ განცხადებაზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს პასუხს აფასებენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. ისინი ამბობენ, რომ კრიტიკული წერილი არა ქართველი ხალხის, არამედ ხელისუფლების მისამართით გავრცელდა და „ქართული ოცნება“ ყოველი ახალი ნაბიჯით და განაცხადებით საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროპას.
 
საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“. ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ უპასუხა და აღნიშნა, რომ წერილი საბჭოური სტილის დეზინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით არის გაჯერებული.