12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა

12 ივნისი მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღეა. მისალოც წერილს აქვეყნებს საქართველოს პრემიერი: „ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს. თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც, პროფესიონალიზმთან ერთად, უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფას თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის მილოცვაში.

მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს საქართველოს პრეზიდენტიც ულოცავს: „სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა. მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან
. გმირები, რომლებიც მზად არიან, სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე. დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის მილოცვაში.