საქართველოს ისტორია საქართველოს პირველ არხზე – 16 სექტემბრიდან, ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, 22:00 საათზე.
„სტოქსი… პოლკოვნიკის დახეული წერილები“
სცენარისტი – მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი – გიორგი ბარაბაძე.
მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე მწერალთა სახლში სარესტავრაციო სამუშაოების დროს მუშებმა ძველი, დახეული ფურცლები და სისხლიანი დოლბანდები აღმოაჩინეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო დიპლომატიური მიმოწერა და საიდუმლო დაშიფრული შეტყობინებების ფრაგმენტები. ეს ფურცლები ეკუთვნოდა კავკასიაში დიდი ბრიტანეთის უმაღლეს კომისარს კლოდ ბეიფილდ სტოქსს, რომელიც საქართველოში 1920 წელს მსახურობდა. დადგინდა, რომ ლონდონის საიმპერიო ომის მუზეუმში ინახება კლოდ სტოქსის პირადი არქივი, სადაც თავმოყრილი იყო საქართველოში ყოფნის დროს მისი პირადი ჩანაწერები და დიპლომატიურ-პოლიტიკური მიმოწერა.
როგორც ირკვევა, საბჭოთა აგრესიის დროს სწორედ სტოქსის მეშვეობით გადასცემდა საქართველოს მთავრობა დაშიფრულ ინფორმაციას ევროპაში.
ფილმი ეყრდნობა საქართველოში, ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში დაცული არქივების მასალებს. გარდა საარქივო მასალისა, ფილმში გამოყენებულია იმ პერიოდის გაზეთებში მოძიებული ინფორმაცია და მემუარული ჩანაწერები.
ფილმის მიზანია, ასახოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში არსებული რეალური ვითარება და ის მიზეზები, რომლის გამოც საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა.
„საიდუმლო კარტოთეკა“
სცენარისტი – მიხეილ ბასილაძე, რეჟისორი – შალვა შენგელი.
პროექტი ეფუძნება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ საბჭოთა უშიშროების პერიოდის სისხლის სამართლის საქმეებს (1921-1990 წწ). ეს უნიკალური დოკუმენტური მასალა ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ან საერთოდ უცნობია.
სისხლის სამართლის საქმეების მეშვეობით ნათლად იხატება საბჭოთა საქართველოს კრიმინალური ვითარება, რომელიც ამავე დროს კონკრეტული ეპოქის სრულფასოვანი აღწერის საშუალებას გვაძლევს.
პროექტის პირველი ნაწილი – 1921-1927 წლები. ამ ნაწილში თავმოყრილი იქნება აღნიშნული პერიოდისთვის დამახასიათებელი კრიმინალური შემთხვევები.
თითოეული ფილმი ეფუძნება სისხლის სამართლის საარქივო მასალებში მოძიებულ კონკრეტულ კრიმინალურ ისტორიას. ამას დაემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს დაქვემდებარებაში არსებული კომუნისტური პარტიის არქივის მასალა. ფილმი აგრეთვე გამდიდრდება იმ პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციების მეშვეობით.
„პრესა და ერი“
სცენარისტი – თამაზ ჯოლოგუა, რეჟისორი – ანდრო ჭიაურელი.
„ტფილისის უწყებანი“, „ცისკარი“, „საქართველოს მოამბე“, „დროება“, „ივერია“… ეს XIX საუკუნის ქართული ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებებია.
ქართველი ხალხისა და პრესის საერთო თავგადასავალს ფართო ისტორიულ კონტექსტში გაეცნობით თამაზ ჯოლოგუასა და ანდრო ჭიაურელის დოკუმენტურ სერიალში.
„თბილისის კართან“
სტუდია „ეპოქა“
პროექტის ავტორები: აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი. რეჟისორი – გიორგი ებრალიძე.
პროექტის მიზანია, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში თბილისის სახეცვლილების, გარეგნული იერის და შინაგანი სამყაროს ჩამოყალიბების, კულტურული და სულიერი გადასხვაფერების ისტორიის წარმოჩენა, თბილისის გამქრალი, ერთ დროს უმნიშვნელოვანესი, დღეს არსგამოცლილი ისტორიული ადგილების გახსენება.
ქალაქზე დაშენებული ქალაქი. უბრალო ხალხი – ყოფით, ცხოვრებით, გართობით და წეს-ჩვეულებებით. თბილისის, როგორც ისტორიის სიკვდილი და ახალი ისტორიის შექმნა.
„ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“
ავტორი – დავით ლორთქიფანიძე.
პროექტის ინსპირაცია ბრიტანეთის მუზეუმის დირექტორის, ნილ მაკგრეგორის შესანიშნავი პროექტის შედეგია, რომელიც რადიო BBB-სთან თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყო და საბოლოოდ წიგნით „100 ნივთით მოთხრობილი მსოფლიო ისტორია“ (A History of the World in 100 Objects) დაასრულა.
2016 წლის გაზაფხულზე გაჩნდა იდეა, რომ მსგავსი პროექტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და National Geographic საქართველოს განეხორციელებინათ და უკვე ორი წელი შესრულდა, რაც ჟურნალის თითქმის ყოველ ნომერში საქართველოს ისტორიას მუზეუმის კოლექციებში დაცული ექსპონატებით ვყვებით.
გაიგებთ, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებიდან, ვინც ქრისტიანობა მიიღო და იმოგზაურებთ საქართველოს ოქროს ხანაში – შუა საუკუნეებში, როდესაც ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში ქვეყანას მეფე ქალი ჰყავდა. უახლესი ისტორია კი დასტურია იმისა, როგორ შეძლო პატარა ქვეყანამ შეენარჩუნებინა თვითმყოფადობა, საკუთარი ენა და დამწერლობა და ყოფილიყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საბჭოთა კავშირის მარწუხებიდან დაიხსნა თავი.
ამასთანავე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შესაძლებლობა აქვს, მოყვეს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი კავკასიის ისტორია. შესაბამისად, იგეგმება, იმ ექსპონატების შერჩევაც, რომლებიც მოგვითხრობენ, როგორც საქართველოს, ასევე კავკასიის ისტორიას და თვალსაჩინოს ხდიან კავკასიის როლს და მის მნიშვნელობას ისტორიის ამა თუ იმ მონაკვეთში.