რადიო პირველი არხი, FM 102.4

რადიო პირველი არხი, FM 102.4 (იგივე, საქართველოს რადიო) მაუწყებლობს 1925 წლის 23 მაისიდან.

ის ერთ-ერთი უძველესი რადიოა ევროპაში და პირველი მაუწყებელია საქართველოში.

1925 წელს ნავთლუღში 120 მეტრიანი სამხედრო რადიოანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა. მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისათვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა დაიწყო 23 მაისს, სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.

საქართველოს რადიო მოსახლეობის დაფინანსებით შეიქმნა და თავისი დაფინანსების ფორმით თავიდანვე საზოგადოებრივ მაუწყებელს წარმოადგენდა.

 

 

საქართველოს რადიომ დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცხოვრებაში და ქართული კულტურის განვითარებაში. ათწლეულობის განმავლობაში ის იყო ერთადერთი ქართული ელექტრონული მედიასაშუალება. ფართო საზოგადოებამ რადიოს მეშვეობით გაიცნო ბევრი ქართველი მწერალი, პოეტი, მეცნიერი თუ ხელოვანი. საქართველოს რადიოს დაკვეთით შეიქმნა ქართული მუსიკის და თეატრის მრავალი შედევრი.

რადიო ფლობს უნიკალურ აუდიო ფონდს, რომელიც ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს.

რადიოს „ოქროს ფონდის“ უძველესი ჩანაწერი 1914 წლით თარიღდება. ამ უნიკალური ჩანაწერის აღმოჩენა და გადარჩენა ქართული რადიოს მაშინდელი ხელმძღვანელის აკაკი ძიძიგურის დამსახურებაა.

დღეისათვის, რადიო პირველი არხი მაუწყებლობს „მოსაუბრე რადიოს“ ფორმატით. რადიოს ეთერში ასევე, მოისმენთ გემოვნებიან მუსიკასაც და გასართობ გადაცემებსაც.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი – რადიო პირველი არხი პასუხობს საზოგადოების ყველა ფენის მოთხოვნას, გამოირჩევა პროგრამული მრავალფეროვნებით. ეთერი მოიცავს საინფორმაციო გამოშვებებს, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუებს, მუსიკალურ-გასართობ, შემეცნებით, სპორტულ, ახალგაზრდულ, საბავშვო პროგრამებს და სხვ.

აღსანიშნავია რადიოს ტრადიციები და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რაც კომპეტენტური და გემოვნებიანი პროგრამების შექმნის წინაპირობაა.

რადიო პირველი არხი ხელმძღვანელობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ქცევის კოდექსით.

 

  • რადიოს საიუბილეო პროგრამა

 

„ხაზის რადიო” – „ოქროს ფონდის” რარიტეტული ჩანაწერები

სტუმრები: ნინო ჟღენტი – საზოგადოებრივი რადიოს აუდიო ფონდის უფროსი, ივანე ჯაფარიძე – „ხაზის რადიოს” წამყვანი.

კლასიკური მუსიკა FM 102’4-ზე

სტუმრები: კახი სოლომონიშვილი, სალომე ჯიქია, ედიშერ სავიცკი, ნიკოლოზ ლაგვილავა

რადიოთეატრი

თეატრი საზოგადოებრივ მაუწყებელში
სტუმრები: ზურაბ კანდელაკი – რეჟისორი, ზურა ყიფშიძე – მსახიობი

„თეატრალური შეხვედრები”

სტუმრები: მურმან ჯინორია, ჯემალ ღაღანიძე, ლამზირა ჩხეიძე, საბა მეტრეველი

„ხაზის რადიო” – შეხვედრა რადიოს ყოფილ თანამშრომლებთან

სტუმრები: გივი ჯახუა – დამსახურებული ჟურნალისტი, თამაზ ჭყონია.

„რა სურთ ქალებს?!” – საიუბილეო გადაცემა, რადიო ტელევიზიიდან გაუსვლელად და ფორმატის შეცვლის გარეშე

სტუმარი: მერაბ შარიქაძე – საზოგადოებრივი რადიოს ყოფილი წამყვანი, მიხეილ ჯავახიშვილი – საზოგადოებრივი რადიოს წამყვანი, გიორგი გვიმრაძე – ახალი და მიმდინარე ამბების დირექტორი, ასმათ ტყაბლაძე – მსახიობი, ანა ფანჩულიძე, ქეთევან ლორთქიფანიძე