ზვიად შალამბერიძე – ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, დაისვა კითხვებიც, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით
ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. რა თქმა უნდა, მთავარი თემა ევროკავშირთან ურთიერთობა იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩეხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
შალამბერიძის თქმით, შეხვედრაზე დაისვა საინტერესო კითხვებიც, მათ შორის „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, რადგან ჩეხეთის პარლამენტსაც ინიცირებული აქვს მსგავსი კანონი.
„აინტერესებდათ, როგორ მიმდინარეობდა ამ კანონის მიღების პროცესი საქართველოში. ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ. პარლამენტის თავმჯდომარემ რჩევები მისცა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები საქართველოში და რა იყო ის მთავარი მიგნებები, რომლებმაც გვაიძულა, ეს კანონი მიგვეღო. მათთვის ფრაზა „რუსული კანონი“ და ამ იარლიყის მიწებება უცხო არ არის, რადგან ჩეხეთშიც მსგავსი რამ ხდება. ჩეხეთში როდესაც რომელიმე საკანონმდებლო პროცესს არ ეთანხმებიან, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიამ შეიძლება, ეს ვითარება ისე წარმოაჩინოს, რომ მას „რუსული“ იარლიყი მიაწებოს. რა თქმა უნდა, მათ ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ. რეალურად, ეს მათთვის სიახლე არ ყოფილა. ხაზი გაუსვეს, რომ ბრიუსელის პოლიტიკისთვის დამახასიათებელია, პატარა ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან, ასეთი ტონით ესაუბროს“, – განაცხადა შალამბერიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით გაემგზავრა.