ზვიად კვაჭანტირაძე - ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“
ზვიად კვაჭანტირაძე - ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“

ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც პარლამენტში დაისვა, თუმცა ვერ გადააყენეს.

„ყოველთვის მჯეროდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“. ალბათ ყურადღებით ადევნებდით თვალყურს მსჯელობას. ჩვენი მიზანი პარლამენტში ამ მსჯელობის წარმართვა იყო. ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა იმის თაობაზე და კიდეც დადასტურდა, რომ პარლამენტის დღევანდელი მმართველი გუნდი აბსოლუტურად ვოლუნტარისტულ პოლიტიკას ეწევა. თავაშვებულ და თვითნებურ მმართველობას აქვს ადგილი პარლამენტში.

გულწრფელად გითხრათ, შესაძლო იყო დღეს სხვა გადაწყვეტილებაც მიმეღო, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარის ყოვლად უსირცხვილო გამოსვლამ და იმ პოსტულატებმა, რომლებიც მის ისტორიულად სამარცხვინო გამოსვლაში წამოაყენა, მიმაღებინა გადაწყვეტილება, ბოლომდე ვმდგარიყავი მედგრად და არცერთ შემთხვევაში არ განმეცხადებინა გადადგომის თაობაზე“, – თქვა ზვიად კვაჭანტირაძემ.

იგი აცხადებს, რომ პრაქტიკულად გამოჩნდა – „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა პარლამენტში აღარ აქვს.

„ძალიან დიდი პრესი იყო, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია, გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით, რომელიც გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.