ზვიად კვაჭანტირაძე - როგორც ჩანს, დღეს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის ჯგუფს მთლიანად ენდობა
როგორც ჩანს, დღეს ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის ჯგუფს მთლიანად ენდობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
„ბიძინა ივანიშვილი დღეს მთლიანად ირაკლი კობახიძის ჯგუფის განკარგულებაშია და იმ გადაწყვეტილებებს მისდევს, რომელსაც ეს ჯგუფი სთავაზობს. ქვეყნისთვის სამწუხაროდ, მისი შეხედულება ამ ეტაპზე ნამდვილად ემთხვევა იმ ჯგუფის შეხედულებას. ეტყობა, ირაკლი კობახიძე რაღაც ზემითიური ძალებით სარგებლობს“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ამასთან, დღეს ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად დაასწრეს უმრავლესობის სხდომას, რათა ანტურაჟი შეექმნათ, თითქოს მის გადადგომას ითხოვდა.
„ძალიან დიდი პრესი იყო, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით, რომელიც გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.