ზვიად კვაჭანტირაძე - პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს
ზვიად კვაჭანტირაძე - პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს

პრაქტიკულად გამოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა აღარ აქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომლის თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც პარლამენტში დაისვა, თუმცა ვერ გადააყენეს.

„ძალიან დიდი პრესი იყო, რომელიც ჩემმა მეგობრებმა და ყოფილმა თანამებრძოლებმა განიცადეს დღეს დილიდან, გუშინ საღამოდან. ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად ჩამოიყვანეს და უმრავლესობის სხდომას დაასწრეს, რათა ანტურაჟი შეექმნათ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილიც აუცილებლად ითხოვდა ჩემი საკითხის ამგვარად გადაწყვეტას. საერთოდ, ამ ადამიანის სახელით მანიპულირება უკვე ძალიან დიდი ხანია გრძელდება ე.წ. მმართველ გუნდში და უპირველეს ყოვლისა, პარლამენტის მმართველ გუნდში, რის საპროტესტოდაც მაშინ ის ნაბიჯი გადავდგით, რომელიც გადავდგით და უმრავლესობა დავტოვეთ“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, კომიტეტის თავმჯდომარეობამ პოლიტიკურ ბრძოლაში ხელი შეიძლება შეუშალოს, ამიტომ თავად დატოვებს აღნიშნულ თანამდებობას. მისი თქმით, ამ თემაზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

„ძალიან გული მწყდება იმ ადამიანებთან განშორების გამო, რომლებიც ჩემი თანამებრძოლები იყვნენ და ვისი აზრები დღესაც ვიცი, რომ აბსოლუტურად სოლიდარულია ჩვენს აზრებთან. ვინც დღეს მხარი არ დაუჭირეს ამ სამარცხვინო გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ჩვენ მიერვე მიღებულ რეგლამენტს, მათ დიდი და გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო. დღეს პრაქტიკულად ვაჩვენე, ამ მმართველობის ქვეშ რა დღეშია „ქართული ოცნება“, უმრავლესობა.  მაინც მივიჩნევ, რომ სესიის ბოლომდე ჩემი ნებით გადავდგები ამ თანამდებობიდან, რადგან ჩვენ უკვე სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელება გვაქვს გადაწყვეტილი, რაშიც შესაძლოა კომიტეტის თავმჯდომარეობამ ხელი შემიშალოს. თუმცა, ამაზე მოგვიანებით განვაცხადებ. ეს იყო მხოლოდ სიმბოლური, მაგრამ აბსოლუტურად მიზანდასახული პოლიტიკური მოქმედება, გვეჩვენებინა, რომ „ქართულ ოცნებას“ დღეს უმრავლესობა არ ჰყავს. ამ კენჭისყრამ ეს აჩვენა“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ღირსეული ადამიანია დარჩენილი.

„ცალკეული კოლეგების კომენტარებზე ჩემი აზრის გამოხატვა არ მინდა. ირაკლი კობახიძის მეთაურობით, პარტია „ქართულ ოცნებაში“ შეიქმნა და ჩამოყალიბდა ე.წ. უმადურობის სინდრომი, უმადურობისა „ქართული ოცნების“ ძირძველი მებრძოლების მიმართ, „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიმართ. ეს ჩვენ თავიდანვე ვიგრძენით, როდესაც კობახიძე პარლამენტში მოვიდა და მან მართვის სადავეები ჩაიგდო არა მხოლოდ პარლამენტში, არამედ როგორც აღმასრულებელმა მდივანმა. ასევე ხელში პარტიაშიც ჩაიგდო და მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება პარტიაში არ მიიღებოდა რეგიონებთან მიმართებაში, შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ძველ გვარდიასთან მიმართებაშიც“, – განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.