ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორები დაიკითხნენ
ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორები დაიკითხნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხნენ. კერძოდ, პატრულ-ინსპექტორები, რომლებმაც სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ზვიად კუპრავა დააკავეს.

კუპრავას ადვოკატი ლევან დავითაია აცხადებს, რომ პატრულის თანამშრომლებმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე შეთანხმებული ჩვენება მისცეს.

„მოწმეების დაკითხვით დადასტურდა, რომ ისინი ერთგვაროვან ჩვენებებს იძლევიან და ეს ჩვენებები ერთმანეთთან შეთანხმებულია. მათ შორის, დღევანდელი პროცესის დაწყებამდეც. ყველა მოწმე ადასტურებს, რომ მათ ზუსტად გაიგონეს შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა, ყველა სხვადასხვანაირად გადმოსცემს, კონკრეტულად რა იყო შეურაცხმყოფელი და რა მიმართულებით იყო ნათქვამი. ესეც არის იმის საფუძველი, რომ მოწმეთა ჩვენებები არ იყო იმ დონით გათვალისწინებული, რა დონითაც პროკურატურას უნდა, რომ ისინი წარმოადგინოს“, – განაცხადა ლევან დავითაიამ.

პროკურორი დავით კიკაჩეიშვილი კი აცხადებს, რომ მოწმეებმა დადასტურეს ის, რასაც ზვიად კუპრავას გამოძიება ედავება.

„დღეს პატრულ-ინსპექტორები დაიკითხნენ. საპატრულო დეპარტამენტის ხუთი თანამშრომელი, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ სასამართლოს სასადილოში ინციდენტს. მათი ინფორმაციით, დადასტურდა ის გარემოებები, რაც საფუძვლად დაედო ზვიად კუპრავას ბრალდებას. ჩვენების შინაარსზე დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, ცალსახად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თითოეულმა მოწმემ ბრალდებულის მხრიდან კონკრეტული მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზების წარმოთქმის ფაქტი დაადასტურეს.
საბოლოო ჯამში, დასაკითხ მოწმეთა სიაში 39 ადამიანია. ჯერ ექვსი მოწმეა დაიკითხა. მიმდინარე საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარეს აქვს მოლოდინი, რომ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა პროკურორმა.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 24 თებერვალს დააკავეს.