ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა
ზვიად კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ელენე გოგუაძე „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელის ზვიად კუპრავას საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა.

სხდომის მდივნის ინფორმაციით, საქმეზე გადაწყვეტილება დღეს არ გამოცხადდება, თარიღი კი მხარეებს ეცნობებათ.

„სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს გამოძიება სასამართლოს უპატივცემულობას ედავება.

საქმე ეხება 2018 წლის 11 ივნისს მომხდარ ფაქტს. სასამართლოს შენობაში მოსამართლის შეურაცხყოფისთვის მას ბრალი 366-ე მუხლით წარედგინა. აღკვეთის ღონისძიებად კუპრავას გირაო შეეფარდა. გირაოს ქვეშ მყოფმა კი გამოძიების ინფორმაციით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ადვოკატს, ირაკლი ზაქარეიშვილს და მას ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალდება.

გირაოს პირობების დარღვევის – ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა პატიმრობით.