ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

17:48, 28.06.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სასადილოს ინციდენტზე, ზვიად კუპრავას მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით დაიწყო.

„თბილისის საქალაქო სასამართლოში განთავსებულ სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, 1983 წელს დაბადებული მოქალაქე ზ.კ.-ს მიერ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, მიმდინარე წლის 11 ივნისს საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით, შსს-ს გენინსპექციამ პოლიციელების მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა.

კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს.

 

მსგავსი