ზვიად კუპრავა - რადგან კარავი აქ დგას, ნიშნავს, რომ აქცია გრძელდება
ზვიად კუპრავა - რადგან კარავი აქ დგას, ნიშნავს, რომ აქცია გრძელდება

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ისვენებენ და როცა დავსხდებით, სამოქმედო გეგმაზე აუცილებლად მოვილაპარაკებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა, ზვიად კუპრავამ განუცხადა.

კურავას თქმით, ისინი დაშლას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.

„აქცია გრძელდება. ის, რომ კარავი აქ დგას, ნიშნავს, რომ აქცია გრძელდება და აქცია გაგრძელდება მოთხოვნების შესრულებამდე, სხვადასხვა ფორმით. დღევანდელი დღის სამოქმედო გეგმა ჯერჯერობით არ გვაქვს გასაჯაროებული. ზაზა ისვენებს, მალხაზი ისვენებს და როცა დავსხდებით, სამოქმედო გეგმაზე აუცილებლად მოვილაპარაკებთ. კარავი დგას იქ, სადაც საჭიროდ ჩათვალეს ზაზამ და მალხაზმა. მათ პრემიერმა მისცა ვადა, რომ 10 რიცხვისთვის უკვე დამნაშავეები იქნებოდნენ დასჯილი. დღეს 11 რიცხვია და გეკითხებით, იცით ვინმემ ვინ მოკლა დათო სარალიძე?! არ იცით. იცით ვინმემ, ვინ მოკლა თემირლან მაჩალიკაშვილი?! არ იცით. შესაბამისად, არავითარი წინსვლა არ არსებობს. ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა კუპრავამ.

ზვიად კუპრავა გვიან ღამით სამართალდამცველების კარავში შესვლის ფაქტსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ითვლიან სამართალდამცველები აქციაზე ადამიანების რაოდენობას.

„წუხელ პოლიციელები შემოვიდნენ ღამით კარავში. როგორც მათგან გამოვიტანე აზრი, თითქოს კარავში არ არის ადამიანების ის რაოდენობა, რომ ეს კარვები იყოს აქ და მე არ ვიცი, რატომ საზღვრავენ ამ აქციას ადამიანების დათვლით. არავინ რომ არ იყოს და მარტო მალხაზი და ზაზა იყოს, რა? მათ არ აქვთ პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის უფლება? მათ იციან, ვინ მოკლა მათი შვილები? დასჯილი არიან კონკრეტული ადამიანები? თუ შსს ითვლის რამდენი ადამიანი ზის კარავში და იმის მიხედვით აპირებს, კარავი აიღონ ან არ აიღონ, მაშინ პირდაპირ ვეტყვი გახარიას, რომ ხვალ ღამით მარტო ზაზა და მალხაზი ისხდებიან ამ კარავში და თითს ვერ დაადებენ მათ კარავს. მოთხოვნა უნდა იყოს კანონიერი. თუ შევადარებთ ამ ორ მოთხოვნას, ამ ადამიანების მოთხოვნა უფრო კანონიერია თუ ამ პოლიციელების?“, – დასძინა კუპრავამ.

რუსთაველის გამზირი პარლამენტის შენობის წინ კლავ გადაკეტილია. ადგილზე სამი კარავია გაშლილი. ტერიტორიაზე რჩება აქციის რამდენიმე მონაწილე.

გამთენიისას პარლამენტის შენობის წინ გაშლილ კარავში სამართალდამცველები იყვნენ შესული. როგორც ადგილზე მყოფმა მოქალაქეებმა განაცხადეს, სამართალდამცველები კარავში დაუკითხავად შევიდნენ და აქციის წარმომადგენლებთან გასაუბრება მოითხოვეს. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, პოლიციელებმა განუცხადეს, რომ აქციაზე ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ არის, რათა გზა იყოს გადაკეტილი. სამართალდამცველებმა კარავი მალევე დატოვეს.

მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია, სადაც სამი კარავია გაშლილი, სამართალდამცველებმა ჯებირებით შემოსაზღვრეს.