ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს
ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული სამი პირი გაათავისუფლეს

ზვიად კუპრავა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ სამი პირი გაათავისუფლეს.

როგორც კუპრავამ სამმართველოს დატოვების შემდეგ განაცხადა, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მისივე თქმით, საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის.

„მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათი ათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზ​ე ებრძოდა სისტემას და უსამართლობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა. დამნაშავეები დაუსჯელები არიან. სისტემა მორყეულია, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე დგას. ამიტომ ბრძოლა სისტემის წინააღმდეგ გრძელდება. თუ რა ფორმით, ცხადია, ამ ეტაპზე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ზაზა სარალიძეს ვნახავ, ვისაუბრებთ, დავსახავთ სტრატეგიას, თუ როგორ გავაგრძელებთ ბრძოლას. ეს 14 დღე მე ვიყავი გახარია-ივანიშვილის პირადი პატიმარი. რა თქმა უნდა, ჩემი მხრიდან არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ცხადია, რატომ შედიოდა მათ მიზნებში ჩემი დაკავება. ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო ტემპერატურის და მუხტის დახშობა, რომელიც იყო რუსთაველზე“, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეგახსენებთ, რომ ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი საქართველოს პარლამენტის შენობასთან, აქციაზე დააკავეს. სასამართლომ მათ 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.