ზვიად კუპატაძეს ფუტსალში წლის მოთამაშის პრიზი გადასცეს #1TVSPORT
ზვიად კუპატაძეს ფუტსალში წლის მოთამაშის პრიზი გადასცეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციულ დაჯილდოებაზე ფუტსალში 2021 წლის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ ზვიად კუპატაძე დაასახელეს, მაგრამ მას ეს ჯლდო მხოლოდ ახლა, ტაჯიკეთთან ამხანაგურ შეხვედრამდე გადასცეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი, „გაზპრომ იუგრას“ მეკარე ფუტსალის ნამდვილი ლეგენდაა. იყო ევროპის საუკეთესო მეკარე და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. ის აღიარებას ემოციური პოსტით გამოეხმაურა.

„დღეს გადმომცეს საქართველოს ფუტსალის საუკეთესო მოთამაშის პრიზი! დიდი მადლობა ყველას, ვინც საუკეთესო მოთამაშის არჩევაში მონაწილეობდა. დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, ფუტსალს რომ აფასებთ და ჩვენს გვერდით ხართ. ვინც არ იცის, ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევა მხოლოდ 2016 წლიდან დაიწყო“, – დაწერა ზვიად კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის სეზონის ფუტსალის საუკეთესო მოთამაშეობის ნომინანტები ზვიად კუპატაძის გარდა ასევე იყვნენ არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), შოთა თოფურია (თელასი-ჯორჯიანსი) და ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი-ჯორჯიანსი)

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.

კუპატაძე თბილისშია და ფუტსალის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევრო 2022-ზე დებიუტისთვის ემზადება. ჯგუფში საქართველოს მეტოქეები არიან აზერბაიჯანი (მატჩი 22 იანვარს გაიმართება), ბოსნია-ჰერცეგოვინა (26 იანვარი) და ესპანეთი (26 იანვარი).