ზვიად კუპატაძე - ჯგუფიდან არგასვლა ჩემთვის ტრაგედია იქნება #1TVSPORT
ზვიად კუპატაძე - ჯგუფიდან არგასვლა ჩემთვის ტრაგედია იქნება #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ნაკრებისა და „იუგრას“ მეკარე და კაპიტანი ზვიად კუპატაძე იმედოვნებს, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფიდან გავა.

ნიდერლანდების ქალაქ ზეისტში გამართულ ფუტსალის 2022 წლის ჩემპიონატის წილისყრაზე საქართველოს ნაკრები ევრო 2022-ზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც ფუტსალის ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთს, აზერბაიჯანსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება.

„ჯგუფი ისეთია, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა გავიდეთ. რომ არ გავიდეთ, პირადად ჩემთვის ტრაგედია იქნება – საამისოდ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მთავარია, რომ ჯგუფში ორი გრანდი არ გვყავს“, – ამბობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზვიად კუპატაძე.

გამოცდილი ქართველი მეკარე დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატზე ყველაფერი კონცენტრაციაზე იქნება დამოკიდებული.

„ერთი თავით მაღლა არავისზე ვართ, მაგრამ არც ერთი მეტოქე ჩვენზე ბევრად ძლიერი არაა. მთავარია, კარგად მოვემზადოთ, ბევრი თამაშია დაგეგმილი და ჩვენი მაქსიმუმი უნდა ვაჩვენოთ. ასეთ შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის მოგებაც შეგვიძლია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“.