ზვიად ძიძიგური - წინა ხელისუფლებამ 2008 წელს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა ოკუპანტ რუსებს, არ მივიღებ მათგან არავითარი ტიპის შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს
ზვიად ძიძიგური - წინა ხელისუფლებამ 2008 წელს ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა ოკუპანტ რუსებს, არ მივიღებ მათგან არავითარი ტიპის შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს

ჩვენი ოპონენტები ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, წინა ხელისუფლებამ პარლამენტის შენობა ქუთაისში გადაიტანა, რადგან პარლამენტის წინ მაშინ საპროტესტო აქციები იყო და თავი აარიდა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი პირიქით მოიქცა, რადგან მიაჩნია, რომ საპროტესტო აქციები პარლამენტის გარეთ ან პარლამენტის შიგნით ეს არის კონტიტუციური მოვლენა.

„პროტესტის ყველა ფორმა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები დააფიქსირებენ მისაღებია, უბრალოდ კანონის ფარგლებიდან არ უნდა გავიდნენ. მინდა, დღეს ვისარგებლო შემთხვევით და მამუკა ბახტაძეზე მოგახსენოთ. მადლობა მინდა გადავუხადო „კონსერვატიული ფრაქციის“ სახელით, ვიცი, რომ ბევრი ჩემი კოლეგაც შემომიერთდება იმ გაწეული სამუშაოსათვის, რომელიც ყოფილმა პრემიერმა ძალიან ღირსეულად განახორციელა ბოლო წლის განმავლობაში, როდესაც ის პრემიერ-მინისტრი იყო. ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, რომელიც მან ლომბარდებთან და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირებით შემოიტანა, ამით გადაარჩინა ჩვენი ბევრი სოციალურად დაუცველი და გაჭირვებული მოქალაქე ბევრ პრობლემას. განათლების რეფორმის მიმართულებით გადაიდგა სერიოზული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ შვებას მოუტანს განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს და დიდი მადლობა ამისათვის“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, 2008 წელს ტერიტორიების 20% წინა ხელისუფლებამ ოკუპანტ რუსებს ჩააბარა და მათგანის შენიშვნის მიღება და ოკუპაციაზე ლაპარაკი მიუღებელია.

„გიორგი გახარიაზე მინდა ასევე ვთქვა, ძალიან ნერვიულობენ ბატონ გიორგი გახარიაზე, თურმე ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსახლეობის ნაწილი უპირისპირდება, გეტყვით, რომ გაცილებით დიდი ნაწილი მათი მხარდამჭერია. მე ვნახე ჩემი საკუთარი თვალით რეგიონებში მოსახლეობის პოზიცია გახარიას მიმართ, ამიტომ ნუ ინერვიულებენ იმაზე, თურმე პრემიერად გახარიას დანიშვნა დააზარალებს „ქართულ ოცნებას“, ზედმეტ ენერგიას ნუ დახარჯავენ ჩვენი ოპონენტები და იმაზე ინერვიულონ, რომ ლაპარაკის მაგივრად მხოლოდ სტვენა შეუძლიათ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.