ზვიად ძიძიგური - ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება
ზვიად ძიძიგური - ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად ძიძიგური ზუგდიდელ ამომრჩევლებს მოუწოდებს, არჩევნების დასრულებამდე დარჩენილი საათები გამოიყენონ და მივიდნენ ხმის მისაცემად. ძიძიგურის თქმით, ზუგდიდში არჩევნები ძალიან მაღალი აქტივობით ხასიათდება.

„იმის მიუხედავად, რომ ცალკეულ უბნებთან გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდა ადგილი, ზუგდიდელი ამომრჩეველი ხმას აძლევდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში და მათ შეძლეს საკუთარი არჩევანის გაკეთება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე. ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორი. მინდა გითხრათ, იმ პროვოკაციებთან დაკავშირებით, რომელიც ხდება ზუგდიდში, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ნათელი მესიჯი ზუგდიდელი ამომრჩევლისათვის, თუ რატომ არ უნდა მისცეს ხმა იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, რომელსაც, სწორედ დესტაბლიზაცია, ქალაქის ადუღება უნდა, რომელსაც მხოლოდ შეტევა აინტერესებს და არავითარ შემთხვევაში ზუგდიდის ინტერესები მისთვის არ არის წინა პლანზე წამოწეული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მყისიერად რეაგირებს ყველა დარღვევაზე და ვფიქრობ, რომ ვისაც შეტევების, ადუღების და არეულობის დაწყების სურვილები აქვს, ყველამ უნდა იცოდეს, რომ კანონის წინაშე მათ მოუწევთ მკაცრად პასუხისგება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის ღირსეული და ზუგდიდისთვის მისაღები.

„ის არის ზუგდიდში დაბადებული, გაზრდილი, კვალიფიციური ადამიანი და ყველა იმ დაპირებას, რომელიც მან გასცა, პირუთვნელად შეასრულებს. მინდა, მოვუწოდო ზუგდიდელ ამომრჩეველს, რომ არჩევნების დასრულებამდე ორ საათზე მეტი დარჩა, ამიტომ, ვინც არ მისულა არჩევნებზე, მივიდნენ და მხარი დაუჭირონ ზუგდიდში მერობის ჩვენს კანდიდატს, გეგა შენგელიას. ვფიქრობ, რომ ზუგდიდი სწორედ ასეთ არჩევანს გააკეთებს, კეთილდღეობის სასარგებლოდ და არა დესტაბილიზაციის, არეულობისა და ადუღების სასარგებლოდ“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგურის თქმით, შს სამინისტრომ დღეს რამდენიმე ადამიანი დააკავა და ის იქცეოდა კანონის შესაბამისად.

„პოლიციის მხრიდან არ ყოფილა არც ერთი ჩარევა საარჩევნო პროცესებში, არ ყოფილა რაიმე ტიპის ზეწოლა რომელიმე მხარეზე და მიუხედავად იმისა, რომელი პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენელია, ყველა კანონის გადამცდომთან დაკავშირებით, ისინი იყვნენ სამართლიანები და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მოიტანა“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.