ზვიად ძიძიგური - ტაქტიკა, ერთიანობა და საკითხები, რომ პროტესტი იყოს უფრო ორგანიზებული, დასახვეწია
ზვიად ძიძიგური - ტაქტიკა, ერთიანობა და საკითხები, რომ პროტესტი იყოს უფრო ორგანიზებული, დასახვეწია

ჩვენი პარტია იყო წარმოდგენილი აქციაზე, ხალხის რაოდენობით ვარ კმაყოფილი ძალიან, ხოლო რაც შეეხება ტაქტიკას, ერთიანობას და საკითხებს, რომლებიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ პროტესტი იყოს უფრო ორგანიზებული, ეს კიდევ სამუშაოა და დასახვეწი, – ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის” წევრმა, ზვიად ძიძიგურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, იყო თუ არა გახარიას პარტია წარმოდგენილი 31 მარტის აქციაზე და არის თუ არა კმაყოფილი სალომე ზურაბიშვილის მიერ წარმოდგენილი სამოქმედო ტაქტიკით?

მისი თქმით, რუსთაველზე ოთხ თვეზე მეტხანს მიმდინარე სამოქალაქო პროტესტმა ძალიან დიდი პოტენციალი გამოავლინა, მაგრამ რესურსი აქვთ პოლიტიკურ პარტიებსაც, რაც არის რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი, თვითონ საარჩევნო კომისიის, ოფიციოზის მიერ დადასტურებული მონაცემებითაც კი 850 000-მა საპროტესტო ხმამ მოიყარა თავი ოპოზიციის მხარეს და ამიტომ ეს პროტესტები არის დასაორგანიზებელი.

„ის, რომ ახლა, 31 მარტს ეს არ იყო სრულყოფილი, იყო წინააღმდეგობები და რაღაც, ეს გასაგებია. პოლიტიკურ პარტიებს ჰყავთ თავიანთი მხარდამჭერები და ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა, მაგრამ სამოქალაქო პროტესტი არის კიდევ თავისით, დამოუკიდებლად, პოლიტიკური პარტიების მიღმა დაიწყო ეს პროტესტი და ამ ორივე სეგმენტს ჰყავს ერთი გამაერთიანებელი პოლიტიკური პერსონა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მე მიმაჩნია, რომ ქალბატონი სალომეს ეს მნიშვნელოვანი რესურსი, პირობითად ვამბობ, რომ მას შეუძლია, ერთი მხარისთვისაც იყოს მისაღები პოლიტიკური ფიგურა, ეს არის ოპოზიციური რესურსი, თუ გნებავთ, საპროტესტო სეგმენტის რესურსი და მას უნდა გავუფრთხილდეთ. რაც შეეხება იმას, რომ გაერთიანება მოხდება, ვერ მოხდება გაერთიანება ისეთი ფორმით, როგორი ფორმითაც მე, მაგალითად, მინახავს ეს გაერთიანებებები“, – განაცხადა ძიძიგურმა.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, რამ გამოიწვია ოპოზიციური პარტიების კრიტიკა სალომე ზურაბიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით, ზვიად ძიძგურმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს იმაზე მეტი არ უნდა მოსთხოვონ და დააკისრონ, ვიდრე ეს შესაძლებელია.

„ის ძალიან ბევრ საქმეს აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და უნდა გავუფრთხილდეთ, რაც შეიძლება“, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეკითხვაზე, როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილების შესახებ „გახარია საქართველოსთვის“, მიიღებს თუ არა პარტია მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ზვიად ძიძგუმრმა აღნიშნა, რომ ამას დიდი დრო არ დასჭირდება, შესაძლებელია, ერთი თვე დასჭირდეს, ან ორი.

„არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ერთ თვეში შეიძლება, აგვკრძალონ საერთოდ და ეს ვნებათაღელვა, მიიღებ მონაწილეობას, თუ არ მიიღებ, იყოს ზედმეტი“, – განაცხადა ძიძიგურმა.

ზვიად ძიძიგურმა ასევე აღნიშნა, რომ, მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველას ურჩევს, ვინ რა უნდა გააკეთოს, ამის ნაცვლად, იმაზე იფიქროს, თვითონ მას რისი გაკეთება შეუძლია და ჩადოს მაქსიმალური.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მივა თუ არა საგამოძიებო კომისიაზე მისი პარტიის ლიდერი ან წარმომადგენლები, თუ მათ დაიბარებენ, ძიძიგურმა აღნიშნა, რომ „გახარია საქართველოსთვის“ შეუერთდა პლატფორმას, რომელიც ამბობს, რომ კომისიაზე არ უნდა მივიდნენ, მაგრამ, პირადად მისი აზრით, „პოლიტიკური ბერკეტების გამოყენებაზე უარი არ უნდა თქვა, თუ ეს შენთვის მომგებიანი იქნება“.