ზვიად ძიძიგური - მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრებაზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს
ზვიად ძიძიგური - მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრებაზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერების დასწრების ფაქტზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს.

როგორც ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა განუცხადა, ღონისძიებაზე რაულ ხაჯიმბასა და ანატოლი ბიბილოვის დასწრება კიდევ ერთი შეურაცხყოფაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, რომლის შემოქმედი ვლადიმერ პუტინია.

„ამაზე ქართული მხარე რეაგირებას მოახდენს. ეს იქნება საერთაშორისო ორგანიზაციების მიმართ მიმართვა. არ გამოვრიცხავ, FIFA-საც მივმართოთ”, – განაცხადა ძიძიგურმა.

რუსეთში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ლიდერები ესწრებოდნენ. სეპარატისტული რეჟიმების ხელმძღვანელები რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვი ღონისძიებაზე ორგანიზატორების მიწვევით იმყოფებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები ოფიციალური დელეგაციებისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე ისხდნენ.