ზვიად ჭუმბურიძე - ჩვენი ტიპის ქვეყანას გაცილებით მეტი გარანტია სჭირდება ინვესტორის მოსაზიდად და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს
ზვიად ჭუმბურიძე - ჩვენი ტიპის ქვეყანას გაცილებით მეტი გარანტია სჭირდება ინვესტორის მოსაზიდად და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს

საქართველოს მსგავსი რისკების მქონე ქვეყანამ გაცილებით მეტი გარანტია უნდა მისცეს უცხოელ ინვესტორს, რომ ქვეყანაში მოიზიდოს. ეს გარანტიები ქვეყნის პირველ პირებზე გადის და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა და კორონავირუსიით გამოწვეული პრობლემების ფონზე 2020 წლის საინვესტიციო პერსპექტივები განიხილეს. გადაცემის მსვლელობისას აღინიშნა, რომ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 0.2 პროცენტით გაიზარდა. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივნის მოსაზრებით, წელს ინვესტიციების მოზიდვა კიდევ უფრო გაჭირდება კორონავირუსისა და საპარლამენტო არჩევნების ფაქტორების გამო.

„აქ ორი პრობლემა ერთად დაგროვდა და ორივე მძიმეა. ერთი არის ვირუსი, რომელიც გარკვეული სამუხრუჭე რგოლია, რაც უცხო ქვეყნებში ინვესტიციის ჩადებაზე მოტივირებულ ინვესტორებს გააჩერებს; და მეორე – ჩვენი საარჩევნო წელი. საკმაოდ რთული წელიწადი იქნება, ვინაიდან კარგად იცით, სულ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ რთული შეთანხმება შედგა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. დიდი მადლობა აშშ-სა და ევროკავშირს, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ერთი თემა, რაც ყველაფერზე მოქმედებს, რომ ჩვენ, ქართველებმა ვერ შევძელით ერთმანეთს მარტო დავლაპარაკებოდით და რაღაც შედეგამდე მივსულიყავით. ეს ძალიან ცუდია. რომ არა ევროკავშირისა და ამერიკის მცდელობა, ეს გაგრძელდებოდა“, – განაცხადა ჭუმბურიძემ. 

მისი განმარტებით, საქართველო მოიკოჭლებს ფაქტობრივად ყველა იმ ფაქტორში, რაც მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის.

„რაც შეეხება პირდაპირ ინვესტიციებს, გარემო უნდა შექმნა, პირველ რიგში მიმზიდველი და სტაბილური. თუ არ არის სტაბილური გარემო, ყველა დიდი ინვესტორი, ვინც გინდა შენს ქვეყანაში შემოვიდეს, თავს შეიკავებს. აუცილებელია გამართული სახელმწიფო უწყებები, პირველ რიგში სასამართლო სისტემა, რომელიც მუშაობს. თუ სასამართლო სისტემას პრობლემა აქვს და ჩვენთან ვიცით რომ აქვს, ჩათვალეთ, რომ ის ინვესტორი დიდი ეჭვის თვალით შეხედავს ჩვენს ქვეყანაში თანხის დაბანდებას, ვინაიდან დავის ერთადერთი გზა არის არბიტრაჟი და სასამართლო. არბიტრაჟის კულტურა როგორც ასეთ, ჩვენთან განვითარებული არ არის და სასამართლოში იცით, როგორ იჭიმება პროცესები სამი, ოთხი და ხუთი წელი. შეიძლება უცებაც გადაწყდეს საქმე, მაგრამ არა ინვესტორის სასარგებლოდ. ესეც ჩვენს მიდგომებზეა დამოკიდებული სამწუხაროდ. რაც მთავარია, მესამე ფაქტორი არის განჭვრეტა, თუ რა რეგულაციებსა და კანონს შემოიტან და რითი იქნება ინვესტორი დაიმედებული. არ შეიძლება 2-3 კვირით ადრე ხელისუფლებამ მიიღოს კანონი და ისე შემოიტანოს, რომ ელემენტარული კონსულტაციაც არ ჰქონდეს გავლილი ბიზნესთან. მეოთხე თემა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ინვესტორზე ზრუნვა. როგორც კი გაჩნდება რაღაცა თემა, ხელისუფლებამ, ომბუდსმენმა, ჩვენ ბიზნეს-ასოციაციებმა, ყველამ ერთად ეს უნდა მივიყვანოთ გადამწყვეტ წერტილამდე. თუ არ გადავწყვეტთ და საქმე სასამართლომდე მივიდა, ჩათვალეთ რომ თითოეული ინვესტიცია კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. ამიტომ ყველა ეს ოთხი კომპონენტი, რაც ჩამოვთვალე, ქმნის მიმზიდველ გარემოს. სამწუხაროდ, ოთხივე კომპონენტში მოვიკოჭლებთ“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.

მისი აზრით, ინვესტორებისთვის დამატებითი რისკ-ფაქტორია ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთთან დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობა. ჭუმბურიძის თქმით, სასურველია ქვეყანაში მსხვილი უცხოელი ინვესტორების მოზიდვა, რაც ხელისუფლებამ დამატებითი გარანტიების გაცემით უნდა უზრუნველყოს.

„ამიტომ ვამბობ, რომ მაგალითად კომპანია „ბიპი“ [BP], რომელიც უკვე 16 წელია, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეა და რეგიონში აზერბაიჯანსა და საქართველოში ყველაზე დიდი მოთამაშეა, მარტო ინვესტორი კი არ არის საქართველოში, არამედ ერთგვარი უსაფრთხოების გარანტიც. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ მსხვილი ინვესტორები შემოვიყვანოთ სხვადასხვა მიმართულებით და მათ გარანტია მივცეთ. ეს უნდა გააკეთოს პირველ რიგში მთავრობამ. პირდაპირ გეტყვით, გარანტიები პირველ პირებზე გადის: ეს არის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, სულ მცირე მინისტრი. საქმე ისაა, რომ ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც ამხელა საფრთხეებია, ოკუპირებულია ქვეყანა და პრაქტიკულად საომარ მდგომაროებაში ვართ ამ დიდ მეზობელთან. გაცილებით მეტი გარანტია გვჭირდება ინვესტორის მოსაზიდად და ეს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს“, – განუცხადა ზვიად ჭუმბრიძემ „ბიზნესპარტნიორს“.