ზვერევმა 0:2-დან მოიგო ნახევარფინალი და აშშ-ის ღიას ფინალში ითამაშებს
ზვერევმა 0:2-დან მოიგო ნახევარფინალი და აშშ-ის ღიას ფინალში ითამაშებს

აშშ-ის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის პირველი ფინალისტი ალექსანდრ ზვერევი გახდა. მან ხუთსეტიან შეხვედრაში სამ საათსა და 23 წუთში დაამარცხა ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა – 3:6, 2:6, 6:3, 6:4, 6:3.

გერმანელისთვის ეს იყო პირველი მოგება „დიდი სლემის“ ტურნირებზე ორსეტიანი ჩამორჩენის შემდეგ, ისე კი ზვერევი მამაკაცთა ტურში ხუთსეტიანი მატჩების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევა – კარიერაში 14 ასეთი შეხვედრა აქვს მოგებული.

პირველ ორ სეტში ზვერევი ცუდად გამოიყურებოდა და ძალიან ბევრს ცდებოდა. პირველ სეტში 1:5 ჩამორჩა, მეორეში – 0:5. მართალია, ორივეჯერ თითო უკუბრეიკი შეასრულა, მაგრამ პარტიების გადასარჩენად ეს საკმარისი არ იყო.

თამაშში გარდატეხა მესამე სეტიდან დაიწყო. მესამე და მეოთხე პარტიების სცენარები ერთნაირი იყო – ზვერევი პირველ ბრეიკს იღებდა, მეტოქე პასუხს სცემდა, მაგრამ გერმანელი ისევ ახერხებდა მეტოქის მოწოდების აღებას და ეს საკმარისი იყო სეტების მოსაგებად.

მეხუთე სეტში კი კარენო ბუსტა დიდად ვეღარ გაუძალიანდა მეტოქეს, ორჯერ დათმო საკუთარი მოწოდება ისე, რომ თავად ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია.

ალექსანდრ ზვერევი კარიერაში პირველად ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირის ფინალში.

დატოვე კომენტარი