ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
ზვავსაშიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი, გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება და ადგილზე ზვავსაშიშროების მონიტორინგს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სპეციალისტების რეკომენდაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების და ზვავსასიშროების გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაში რეკომენდებული არ არის. შესაბამისად, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის მოძრაობა აკრძალულია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 17 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +10, +15°; მთაში +5, +10°; მაღალმთაში 0, +5°.

„აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის I ნახევარში უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +9, +14°; მთაში +3, +8°; მაღალმთაში 0, +5°.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დღის პირველ ნახევარში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: +12°.

18 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან წვიმა, მთაში თოვლი, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით 0, +5°.

აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგან შესაძლებელია ნალექი, მთაში თოვლი სახით, დღისით უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17- 22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, ზოგან -3°-მდე, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -6, -1°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -10, -5°, დღისით +1, +6°, ზოგან -3°-მდე.

თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ღამით დროგამოშვებით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3°, დღისით +11°.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი ადგილზე რჩება და აგრძელებენ მონიტორინგს“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.