ზურიკო დავითაშვილი სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შეხვდა – მჯერა, ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები დონეს შეინარჩუნებენ და გააუმჯობესებენ #1TVSPORT

23:54, 27.05.2025

ზურიკო დავითაშვილი სპორტის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და სტუდენტებს შეხვდა – ინფორმაციას Nomad Sports-ი ავრცელებს.

გადატვირთული სპორტული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი სწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და სპორტის უნივერსიტეტში სწავლობს. შვებულებით სამშობლოში დაბრუნებული ზურიკო ლექტორებსა და სტუდენტებს შეხვდა.

დავითაშვილი, სხვა უმაღლესი დონის სპორტსმენების მსგავსად, მონაწილეობს ელიტური სპორტსმენების ხელშეწყობის პროგრამაში, რომელიც სპორტის უნივერსიტეტის მაღალი რანგის სპორტსმენთა აკადემიური წინსვლის მხარდასაჭერადაა შექმნილი.

შესაძლებლობის ფარგლებში ზურიკო ლექციებს ონლაინრეჟიმში ესწრება, ხოლო ახლა უნივერსიტეტში პირადად შეხვდა ლექტორებსა და თანაკურსელებს. გულთბილი შეხვედრის დასასრულს უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ჯემალ ძაგანიამ ზურიკოს საავტორო წიგნები და „სპორტუნის“ სიმბოლური მაისური გადასცა.

„გვეამაყება ზურიკო დავითაშვილის მიღწევები და ვუსურვებთ მას კიდევ უფრო დიდ წარმატებებს სპორტულ და აკადემიურ გზაზე“, – განაცხადა ჯემალ ძაგანიამ.

„ჯვაროსნების“ 24 წლის ფეხბურთელს კარიერაზე, საქართველოს ნაკრებზე, მიზნებსა და სხვა საინტერესო თემებზე დაუსვეს კითხვები. შეხვედრის ბოლოს სტუდენტებმა, უნივერსიტეტის სახელით, ფეხბურთელს სამახსოვრო მაისური გადასცეს.

ზურიკო დავითაშვილმა Nomad Sports-თან კომენტარი ფარერებსა და კაბო ვერდესთან მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის გამოძახებულ დებიუტანტებზეც გააკეთა.

„ამ შეკრებაზე ნაკრებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია გამოძახებული, რომლებსაც შანსი არ ეძლეოდათ და მჯერა, ისინი დონეს არათუ შეინარჩუნებენ, არამედ კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებენ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი