ზურიკო დავითაშვილი - სანიოლის ნათქვამი დადასტურდა, „მარსელთან“ მატჩი ძალიან განსხვავებულია #1TVSPORT
ზურიკო დავითაშვილი - სანიოლის ნათქვამი დადასტურდა, „მარსელთან“ მატჩი ძალიან განსხვავებულია #1TVSPORT

ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთა საფრანგეთის ლიგა 1-ში „სენტ-ეტიენისა“ და „მარსელის“ დაპირისპირებაზე, რომელიც 8 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ შემტევი ამბობს, რომ ისეთ ისტორიულ კლუბთან შეხვედრა, როგორიც მარსელის „ოლიმპიკია“, მისთვის დიდი სტიმულია.

„ეს იქნება შესანიშნავი მატჩი. ვცდილობ, თამაშებით მაქსიმალურად ვისიამოვნო და მოტივაცია ყოველთვის შევინარჩუნო, ეს ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანია. ვგრძნობ, რომ „მარსელთან“ მატჩი ძალიან განსხვავებული და უმნიშვნელოვანესია.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა მითხრა, რომ ეს მატჩი გულშემატკივრებში გამორჩეულ ენთუზიაზმსა და ინტერესს იწვევს. ეს თამაშამდე შექმნილმა აჟიოტაჟმა დაადასტურა. დერბის წინ ჩვენზე იმდენად დიდი ზეწოლაა, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ვიგრძენი“, – ამბობს ზურიკო დავითაშვილი.

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურის დაპირისპირება „სენტ-ეტიენსა“ და „მარსელს“ შორის  8 დეკემბერს 23:45 საათზე დაიწყება.