ზურიკო დავითაშვილი - პლეიოფში ძლიერი მეტოქე გვყავს, მაგრამ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ #1TVSPORT
საფრანგეთის ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებულმა ზურიკო დავითაშვილმა პლეიოფის მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა. ლიგა 1-ში დასაწინაურებლად ქართველი შემტევის „სენტ-ეტიენი“ 15 მაისს „სტად ჟოფრუა-გიშარზე“ „როდეზს“ დაუპირისპირდება.
„სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელება დიდი პატივია, მაგრამ ეს მხოლოდ ინდივიდუალური ჯილდოა. მე კი მთლიანად გუნდურ მიზანსა და „როდეზთან“ გასამართ ძალიან მნიშვნელოვან მატჩზე ვარ ორიენტირებული.
„ამიენთან“ ბოლო ტურში გამარჯვება გუნდის თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი იყო. სეზონი ჯერ არ დასრულებულა. ვფიქრობ, ყველა მზადაა იმ კარგი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ, რომელსაც ორი კვირის წინ შევხვდით და ახლა უკეთ ვიცნობთ.
იმედგაცრუებულები ვართ, რომ ლიგა 1-ში პირდაპირ ვერ მოვხვდით, მაგრამ ვიცით, რომ დღეს ყველაფერი ჩვენს ხელშია. ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა და რეალობა უნდა მივიღოთ. ახლა მთლიანად კონცენტრირებულები ვართ ამ პლეიოფზე და მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – მოგება.
„როდეზი“ შესანიშნავი და კარგად დაბალანსებული გუნდია, რომელიც კონტრშეტევებზე ორი თავდამსხმელით თამაშობს. ვფიქრობ, მზად ვართ, მათ გავუმკლავდეთ. მოწინააღმდეგეს ყველა მატჩის წინ ვაფასებთ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი სათამაშო გეგმა გვაქვს და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია“, – ამბობს დავითაშვილი.